ზურაბიშვილის თქმით, მას და მის შვილებს ემუქრებიან
“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის თქმით , 9, 10 და 11 ნოემბერს მას და მის შვილებს – თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებს გაეგზავნათ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლად არის გამოკვეთილი სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

“სხვადასხვა უხამსი სიტყვებით სამივეს მიმართულებით გაჟღერდა: “შუბლს გაგიხვრიტავ”, “თქვენს სისხლს დავლევ”. მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცერებულები არიან – ყოფილი სამხედროები, თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, დაკავშირებულები “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის მეთაურებთან. ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამინები, ვინც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალის სახელით, იმ ძალის, რომელიც ქართული ვაჟკაცობის, ღირსების სიმბოლოა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მას მისივე თქმით, მუქარის ავტორი იდენტიფიცირებული პირების სახელები და გვარები არ დაუსახელებია.

ზურაბიშვილის განცხადებით, ამ ქმედებებებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობის და შუღლის გარემოს დაფუძნებისთვის, რაშიც მონაწილეობენ ერთი პოლიტიკური ძალის შიდა თუ გარე ლიდერები, ტელეწამყვანები და მათი მხარდამჭერები.

ზურაბიშვილის თქმით, მან მიმართა შსს-ს, რომ რეაგირება მოახდინოს ამ ფაქტებზე, რათა დროულად იქნას აღკვეთილი ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ.

პრეზიდენტობის კანდიდატი რეაგირებისკენ მოუწოდებს არასამთავრობო სექტორსაც.

“გახსენებთ, რომ ჩემი პირველი მიმართვა, გაკეთებული ამ წლის 11 ოქტომბერს, დარჩა რეაგირების გარეშე იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულ დისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას. ამდენად შესაძლო მოვლენების განვითარებაზე ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ თუ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, ამ საქციელის ავტორებთან გაინაწილებენ პასუხისმგებლობას, თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება არ მოჰყვება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები