საკრებულოს სხდომაზე მარნეულის „სოფწყალს“ ქონება უვადო სარგებლობაში გადაეცა
დღეს, 16 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგით 11 საკითხი იყო გათვალისწინებული, მაგრამ ბიუროს სხდომაზე ერთი საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ყველა საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ჩვენთან საუბრისას საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ თქვა, სხდომაზე გამოტანილი საკითხების უმეტესობა მარნეულის „სოფწყალს“ შეეხებოდა.

„რიგ სოფლებში, ესაა სადახლო, კასუმლო, თაქალო, მოხდა სასმელი წყლის ხაზების რეაბილიტაცია-მშენებლობა. აღნიშნული პროექტები დასრულებულია, მუნიციპალიტეტმა აიყვანა ბალანსზე და დადგა საჭიროება ამ ხაზოვანი ნაგებობების მარნეულის „სოფწყალზე“ გადაცემის.“ - ამბობს ნინო ბერიძე

საკრებულოზე ასევე განიხილეს მარნეულის მუნიციპალიტეტსა და საგზაო დეპარტამენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გადმოცემული ავტომანქანის საკითხი. ავტომობილი მუნიციპალიტეტმა მუდმივ სარგებლობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გადასცა.

ამას გარდა, საკრებულოს სხდომაზე მარნეულის ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებებიც შევიდა.

„სხვადასხვა ეკონომიების ხარჯზე მოხდა გამოთავისუფლებული ეკონომიების გადანაწილება „სოფწყალზე“ და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.“ - გვითხრა ნინო ბერიძემ

სხდომაზე საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 14 ნოემბერს, წერეთელში გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის დაკრძალვის ხარჯებს მერია სარეზერვო ფონდიდან დაფარავს.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები