არ გვითქვამს, რომ მაინცდამაინც ბიომეტრიული ID ბარათები იბეჭდება – გიგაური
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ განუცხადებიათ, რომ წინასაარჩევნოდ მაინცდამაინც ბიომეტრიული პირადობების მოწმობების იბეჭდება, ძველი პირადობის მოწმობის საბეჭდი აპარატები კი რეგიონებში შემორჩენილია.

ამის შესახებ გიგაურმა “ნეტგაზეთს” სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის სოსო გიორგაძის საპასუხოდ განუცხადა, რომლის თქმითაც, ბიომეტრიული დოკუმენტები, მათ შორის, პირადობები საქართველოს მასშტაბით სულ 3 ადგილას იბეჭდება: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გიორგაძის თქმით, ამ ჩამონათვალში არ არის წალენჯიხა და გარდაბანი, რომელიც NGO-ებმა დაასახელეს.

“ჩვენ არ ვიცით და არც დაგვიზუსტებია, ძველი პირადობის მოწმებობები იბეჭდება თუ ახალი. ეს უნდა დადგინოს პროკურატურამ, ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო. როგორც ვიცი, ძველი პირადობების საბეჭდი აპარატები არის რეგიონებში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ეკა გიგაურმა.

საია-ს, სამართლიანი არჩევნებისა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გასულ კვირას მათ მიაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ.

არასამთავრობოების წყაროს ინფორმაციით, თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები სააგენტოს არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაყალბებისთვის სჭირდება.

“მისი თქმით, პირადობის მოწმობები სააგენტოს რამდენიმე ტერიტორიულ სამსახურში იბეჭდება. ასევე წყაროს განმარტებით, იმ რეგიონებში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან „სანდო” პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას „სანდო” პირები მიავლინეს. წყაროს ინფორმაციით, ასეთ „არასანდო” პირებად მიჩნეულნი იყვნენ სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე. წალენჯიხაში ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი მისი მივლინებაში ყოფნის განმავლობაში მანუჩარ ნაჭყებიამ ჩაანაცვლა. მივლინებაში ყოფნა არკადი ფიფიამ ჩვენს წარმომადგენლებს დაუდასტურა. მოპოვებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ასევე, მივლინებაში იმყოფება ზურაბ ხვედელიძე, რომლის მოვალეობასაც გვანცა მენაფირე ასრულებს”, – აცხადებენ არასამთავრობოები.

სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე ამბობს, რომ არასამთავრობოების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ყალბი პირადობების სავარაუდო ბეჭდვის შესახებ, “გაუგონარი ცილისწამებაა”.


წყარო: ნეტგაზეთი
Print