კომისიის წევრები ვაშაძის წარმომადგენელს მარნეულში: მოშორდი აქედან, პროვოკატორო
მარნეულის ოლქის მე-5 უბანზე, გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენელს [“სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი”] ფარიკ მურსაკულოვს კომისიის წევრები საარჩევნო პროცესში ხელისშეშლასა და პროვოკაციაში ადანაშაულებენ .

დაპირისპირება კომისიის წევრებსა და ფარიკ მურსაკულოვს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენელი რეგისტრაციის მაგიდასთან, შემოსული ამომრჩევლის გვერდით დადგა და იქიდან აკვირდებოდა მისი რეგისტრაციის პროცესს.

კომისიის წევრებმა შენიშვნა მისცეს მურსაკულოვს და პროვოკაციაში დაადანაშაულეს – “მოშორდი აქედან, პროვოკატორო”, “შენ უკვე ნერვებზე თამაშობ”, ამ და სხვა ფრაზებით სცადეს მისი უბნიდან გაძევება. მოგვიანებით, უბანზე ოლქის წარმომადგენელიც მოვიდა, რომელმაც მურსაკულიევი, ასევე, პროვოკაციაში დაადანაშაულა.

გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლის ეზოში ძალით გაყვანა საარჩევნო უბანში შემოსულმა უცხო პირმაც სცადა.

თავად მურსაკულოვი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ის პროცედურას იმ მიზნით აკვირდებოდა, რომ სხვა უბნიდან შემოსულ ამომრჩეველს ხელმეორედ არ მიეცა ხმა.

“ეს არჩევნები ახლოსაც არ დგას დემოკრატიულ არჩევნებთან. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მსგავსი ფაქტები იყო სხვა უბნებზე და შესაბამისად, მინდოდა სიებზე დაკვირვება”.

“დამკვირვებლის უფლებით სარგებლობენ წარმომადგენლები და ნებისმიერი ადგილიდან შეუძლიათ დაკვირვება, თუმცა, აქ მნიშვნელოვანია, ხომ არ ახდენდა ის ამომრჩევლის იდენტიფიცირებას”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში საიას წარმომადგენელი, ირმა პავლიაშვილი.

ფარიკ მურსაკულოვმა უბანი დროებით დატოვა და თქვა, რომ ვაშაძის შტაბში მიდის. ინციდენტზე საჩივარი არ დაწერილა.

არჩევნების პირველ ტურში, აღნიშნულ უბანზე გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა და 197 ხმა აიღო [სალომე ზურაბიშვილი – 76 ხმა].


ნეტგაზეთი
Print