სააკაშვილი: არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები
“ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, მე არ ვაღიარებ ამ არჩევნების შედეგებს”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ და მხარდამჭერებს მოუწოდა საპროტესტო აქციების გზით მოითხოვონ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
ეს განცხადება მან “რუსთავი 2”-ის და “იმედის” ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა, რომლის მიხედვითაც არჩევნების მეორე ტრუში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

“ეს არ იყო არჩევნები და მე არ ვაღიარებ, დღეიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლეგიტიმური მმართველი. მე არ ვაღიარებ და ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ არ აღიაროს ამ არჩევნების შედეგი. დავიწყოთ მოთხოვნა ღია საპროტესტო აქციებით, მშვიდობიანად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რაც წინა დღეებში ხდებოდა, არ იყო არც დემოკრატია, არც არჩევნები:

“ხალხო, ამ ბინძურმა ოლიგარქმა თავზე გადაგახიათ კანონი, კონსტიტუცია, დემოკრატია, არჩევნების ინსტიტუტი. ამ დღეებში რაც ხდებოდა, ეს არ იყო არც დემოკრატია, არც არჩევნები და ამას არავითარი კავშირი არა აქვს ხალხის ნებასთან. ეს იყო ძველი ბიჭების, ქურდული სამყაროს, აფერისტები და გარეწრები, რომლებიც საქართველოში რაღაც პროცენტი ყოველთვის იყო და არის, შავი სამყაროს წარმომადგენლები, ის ხალხი, ვინც გძარცვავდათ ტრადიციულად, მთლიანად შერწყმული ამ ოლიგარქთან. ეს იყო ძალადობა და არის ძალადობა, ეს არის მოსყიდვა, ეს არის ღიად დარიგება საარჩევნო უბნებში ფულის, ეს არის დაჭრა და ცემა აქტივისტების”, – ასე შეაფასა ყოფილმა პრეზიდენტმა 2018 წლის არჩევნების მეორე ტური.

საყოველთაო დაუმორჩილებლობამდე და საპროსტესტო აქციების დაწყებამდე კი სააკაშვილმა დამკვირვებლებს უბნების დაცვისკენ მოუწოდა:

“იბრძოლეთ ბოლომდე. ეს არის ჩვენი ბრძოლის მხოლოდ საწყისი ეტაპი. ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. ხვალინდელი დღიდან ჩვენ მშვიდობიანი გზით ვიბრძვით ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებისთვის”.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები