ჯერ არ არის გადაწყვეტილი, სად ჩატარდება ინაუგურაცია – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, სად გაიმართება 16 დეკემბერს დაგეგმილი ინაუგურაცია .

“არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, განიხილება სხვადასხვა ვარიანტი. ვარიანტები, თუნდაც თბილისში, არის რამდენიმე. ჯერ ვმსჯელობთ ამაზე და როცა მეცოდინება, გეტყვით”, – უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დღეს, 3 დეკემბერს.

სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თბილისში არ ჩატარდეს.

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად დღეს მივიდა. მას თან ახლდა ადმინისტრაციის მომავალი უფროსი ლაშა ჟვანია, რომელიც ამ დრომდე საპატრიარქოს ფონდს ხელმძღვანელობდა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მუშაობას არ აპირებს და მისი რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე, მცირე ზომის რეზიდენციაში განთავსდება.

ავლაბრის სასახლიდან გაუსვლელობა იყო ერთ-ერთი პირველი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილს დაუპირისპირდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები