საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან ბიულეტენების შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების მხრიდან სავარაუდო ბიულეტენების ხელმოწერებით დამოწმების და საარჩევნო ყუთებში მოთავსებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ განცხადებით გენერალურ პროკურატურას 24 დეკემბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.

მათივე ინფორმაციით, განცხადებაში დასახელებული გარემოებების შესწავლის შემდეგ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე და 164 (ტერცია) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო დოკუმენტის გაყალბებას და არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების, კერძოდ, ბიულეტენების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print