დაპირისპირება იმაკულიევსა და საკრებულოს წევრებს შორის
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ახმედ იმამკულიევმა, მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს ვუგარ მამედოვს, საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის წარდგენისას ჰკითხა, იყო თუ არა ბიუჯეტში მოსახლეობის რეკომენდაციები გათვალისწინებული.

ვუგარ მამედოვმა იმამკულიევს უპასუხა, რომ მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის საჯარო განხილვა ჩაატარა. რაზეც იმამკულიევმა თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2019 წლის ბიუჯეტი „კაბინეტებში მიიღო“.

იმამკულიევის რეპლიკამ საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძისა და მისი მოადგილის მამუკა ნავერიანის გაღიზიანება გამოიწვია.

ნავერიანმა „ევროპული საქართველოს“ წევრი დეპუტატის ქმედება „გამოხტომად“ შეაფასა და უთხრა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობიდანაა“ და ხალხი მათ აღარ უსმენს.

იმამკულიევის განცხადებას ასევე გამოეხმაურა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ნინო ბერიძე. ბერიძემ მას შეახსენა, რომ ბიუჯეტის განხილვების დროს იმამკულიევი ამერიკაში იმყოფებოდა და მისივე თქმით, საჯარო განხილვები ყველა სამართლებრივი ფორმის დაცვით ჩატარდა. მაგალითად, საიტზე აიტვირთა ყველა შესაბამისი საბუთი და მოსახლეობას ჰქონდა შენიშვნების მიწოდების საშუალება.

იმამკულიევმა ბერიძეს უპასუხა, რომ მარნეულის მოსახლეობის უმეტესობა სახელმწიფო ენას არ ფლობს და შესაბამისად ისინი ბიუჯეტის პროექტს ვერ წაიკითხავდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარემ იმამკულიევს უთხრა, რომ ის „მტკივნეულ თემას“ ეხებოდა და უნდა გაჩუმებულიყო.
ამ მოვლენების შემდეგ იმამკუკიევმა საკრებულოს სხდომის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ საკრებულოს წევრებთან საუბარს აზრი აღარ ჰქონდა.

რადიო „მარნეული“

Print