„უცხოელებს საკუთრებაში არსებული დაუმუშავებელი მიწის ფართობების რეალიზაცია დაევალებათ“
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის დაუმუშავებლობის შემთხვევაში, საკუთრებაში არსებული მიწის რეალიზაცია დაევალებათ. ამ ცვლილებებს მიწის შესახებ ორგანული კანონი ითვალისწინებს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში თებერვალში მოხდება.

„ჩვენი პროექტის თანახმად მიწის დაუმუშავებლად საკუთრებაში არსებობის მაქსიმუმი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის ორწლიანი ციკლი, თუმცა ვადა შეიძლება შემცირდეს. ეს განხილვის საგანია. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ ვერ მოხდა უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დამუშავება, ისინი ვალდებული იქნებიან ან გაასხვისონ, ან კანონის შესაბამისად იჯარით გასცენ ან თვითონვე დაამუშაონ. ჩვენ გვჭირდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მაქსიმალური ათვისება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

აღნიშნული შეზღუდვები არ გავრცელდება საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

„მე მესმის, რომ ვიღაცისთვის ეს დიფერენცირება დისკრიმინაციულად შეიძლება ჟღერდეს. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნორმალური მიდგომაა. მითუმეტეს, რომ ამ ცვლლილებას ვერ ექნება გავლენა სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე. გარკვეული სანქციები საქართველოს მოქალაქეების შემთხვევასიც იქნება, თუმცა არა ისეთი მკაცრი, როგორიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში.“-განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით მორატორიუმი 2017 წლის დეკემბერში გამოცხადდა. გასული წლის დეკემბრიდან კი ახალი კონსტიტუციით, უცხოელებზე მიწის გაყიდვა შეიზღუდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების სარგებლობაში საერთო ჯამში 50 ათას ჰექტარაამდე მიწის ნაკვეთია. ეს მიწები უცხოელებზე ქვეყანაში მორატორიუმის გამოცხადებამდე გასხვისდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები