მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 5 მარტს, გამართულ
საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტში მომუშავე ორი
არასამთავრობო ორგანიზაციისათვის მარნეულის მერიის ბალანსზე არსებული
ფართის გამოყენების უფლების გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი.
საკრებულოს სხდომაზე მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა აგილ ამირჯანოვმა განაცხადა, რომ
სოფელ შაუმიანში არსებობს მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი 180 კვ.მ
შენობა-ნაგებობა, რომელსაც მუნიციპალიტეტი გადასცემს ა(ა)იპ
„შაუმიანის სათემო განათლების ცენტრს“.
„ეს ცენტრი ახორციელებს ახალგაზრდების განვითარებისთვის
სხვადასხვა პროექტებს“. - განაცხადა აგილ
ამირჯანოვმა
მერიამ „შაუმიანის სათემო განათლების ცენტრს“ შენობა უსასყიდლოდ,
უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით გადასცა.
საკრებულომ ასევე მხარი დაუჭირა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
ყიზილაჯლოში მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ
460,06 კვ.მ. ფართიდან 396,81 კვ.მ. ფართზე ა(ა)იპ ,,ბავშვი, ოჯახი,
საზოგადოება“-თვის ვადის გაგრძელებას უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით 2
წლით. აგილ ამირჯანოვის განმარტებით, ორგანიზაცია წლებია მარნეულის
მუნიციპალიტეტში მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და
მერიამ მათ შენობის გამოყენების უფლება თანამშრომლობის გაგრძელების
მიზნით მისცა.
დღეს, 5 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე
განსახილველად 8 საკითხი იყო გამოტანილი. საკრებულოს წევრებმა ყველა
საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
რადიო „მარნეული“