ერევანში სტუდენტები სასწავლო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ
ერევანში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები სასწავლო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ და უნივერსიტეტების ეზოებში იკრიბებიან. მათი განცხადებით, ისინი მშვიდობიან აქციებს უერთდებიან.
“აქციაში ვმონაწილეობ იმიტომ რომ ნორმალური ცხოვრება მინდა. ცვლილებების დრო დადგა. ყველა ჩემი კურსელი აქაა, ყველას ერთი გვინდა ახლა, სერჟ სარგსიანი წავიდეს”, – ამბობს არტურ მანუკიანი, პირველი კურსის სტუდენტი.

სტუდენტების ლილიტ ბოროიანი და ჰაიკუშ სედრაკიანის მთავარი მოთხოვნაც სერჟ სარგსიანის გადადგომაა.

საპროტესტო აქციები ერევანში დილიდან განახლდა. სომხეთის პოლიცია აცხადებს, რომ აქციები არასანქცირებულია და, შესაბამისად, დემონსტრაციას დაშლის. საზოგადოება უკვე გუშინვე ელოდა მიტინგის დარბევას, როდესაც ხელისუფლებამ ქუჩაში მძიმე ტექნიკა გამოიყვანა.

ამ დრომდე უცნობია ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის ადგილსამყოფელი. ის გუშინ, 22 აპრილს სერჟ სარგსიანსთან შეხვედრის შემდეგ პოლიციამ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

სომხეთში სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ ოპოზიციის აქციებზე ერევანში და სომხეთის სხვა ქალაქებში, პოლიციისა და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ათეულობით მოქალაქეა დაკავებული.

სერჟ სარგსიანი სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს, სომხეთში ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე აირჩიეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები