სომხეთში ქუჩებს აღარ გადაკეტავენ – ფაშინიანი პრემიერობისთვის ემზადება
ხვალ, 1 მაისს სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატები ახალ პრემიერ მინისტრს აირჩევენ. ოპოზიციონერი დეპუტატი და სომხეთში საპროტესტო აქციების ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი, ამ პოსტზე წინასწარი ინფორმაციით, ერთპიროვნული ლიდერია.
საპარლამენტო ფრაქციამ “გამოსვლა”, რომელსაც ეროვნულ კრებაში 9 მანდატი აქვს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წარადგინა. გარდა ამისა, “წარუკიანის” ფრაქციაში განაცხადეს, რომ მზად არიან მხარი “ხალხის კანდიდატს” დაუჭირონ. ამ ფრაქციას 31 მანდატი აქვს.

რაც შეეხება სახელისუფლებო, სომხეთის რესპუბლიკურ პარტიას, რომელსაც 58 მანდატი აქვს, ის საკუთარ კანდიდატურას აღარ წარადგენს, თუმცა, რესპუბლიკურ პარტიაში განაცხადეს, რომ “ფაშინიანის არჩევას ხელს არ შეუშლიან”, რაც პოლიტოლოგ მიკაელ ზოლიანის აზრით, ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: რესპუბლიკური პარტიის წევრები ხვალინდელ სხდომაზე მივლენ, ქვორუმი შედგება, თუმცა, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ან ხმას სრულად, ან ნაწილობრივ ფაშინიანს მისცემენ. პრემიერ მინისტრის არჩევას სულ 53 მანდატი სჭირდება.

ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ერევნის გარდა, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს სომხეთის სხვა დიდ ქალაქებშიც ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ დღეს, 30 აპრილს დემონსტრანტებმა ქუჩები აღარ უნდა გადაკეტონ.

“უფრო დისციპლინირებული უნდა ვიყოთ. მოახლოებულ გამარჯვებაში ხელი მცირე ინციდენტმაც კი არ უნდა შეგვიშალოს”, – ამბობს ფაშინიანი.

თუმცა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ჩატარება დღეს საღამოს ერევანში მაინც დააანონსეს.

წყარო: ნეთგაზეთი
Print