ზვიად რატიანი მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სასამართლოს მიმართავს
პოეტი ზვიად რატიანი მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სასამართლოს მიმართავს. რატიანს იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამინის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) უწევს.

როგორც ორგანიზაციის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული ამბობს, მოპასუხე ამ შემთხვევაში არა რიგითი პოლიციელები, არამედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება:

“ჩვენ ვიწყებთ ახალ სამართლებრივ პროცედურას, რომლის ფარგლებშით მივმართავთ სასამართლოს და მოვითხოვთ იმ მორალური ზიანის ანაზღაურებას, რომელიც ზვიად რატიანს მიადგა უკანონოდ, მისი პერსონალური მონაცემების მოპოვების და შემდგომ ამ მონაცემების საჯაროდ გავრცელების საფუძველზე,” – ამბობს ვერძეული.

მისი თქმით, ვიდეოჩანაწერის მოპოვებითა და გავრცელებით, ზვიად რატიანს სრულად მოეშალა უსაფრთხოების განცდა და შეექმნა სხვადასხვა სოციალური ბარიერები:

“შეგვიძლია ვთქვათ, ამ ჩანაწერების გავრცელება მთელ იმ სიმძიმესთან ერთად, რაც ისედაც ახლდა ამ საქმეს, იმ ძალიან ბევრ და მძიმე დაზიანებასთან ერთად, რომელიც ზვიად რატიანმა მიიღო, საერთო კონტექსტში ამ ყველაფერმა შექმნა ძალიან მძიმე ფონი მისთვის. მათ შორის, უსაფრთხოების განცდის სრულად მოშლა, თუ სხვა ტიპის სოციალური ბარიერები, რომელიც შეუქმნა ამ საქმემ და რა თქმა უნდა ამ საქმის არაეფექტიანმა გამოძიებამ. რაც იყო სიგნალი მათ შორის იმ პოლიციელების, რომლებიც ამ საქმეში მონილეობდნენ, რომ ჯერ კიდევ არ არის სისტემა მზად იმისთვის, რომ პასუხი მოსთხოვოს როგორც დამგეგმავს, ასევე შემსრულებელს ამ ტიპის სამართლებრივი გადაცდომების,” – ამბობს ვერძეული.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შსს დამნაშავედ ცნო პოლიციელების მიერ პირადი მობილური ტელეფონით ზვიად რატიანთან კომუნიკაციის გადაღებისა და რატიანის შესახებ მობილურით გაკეთებული ჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემის გამო. შსს–ს 2 000 ლარი ჯარიმა დაეკისრა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები