პასკალ მენიე - ბედნიერი ვარ, რომ პირველმა არხმა არაჩვეულებრივ პროექტს, „მრავალფეროვან საქართველოს“ ჩაუყარა საფუძველი
პირველი არხი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აგრძნობინებს, რომ ისინი ამ ქვეყნის ნაწილი არიან, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ პირველი არხის ახალი პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ პრეზენტაციისას.
როგორც ელჩმა აღნიშნა, რომ პირველი არხის მეშვეობით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ინფორმაციას მათთვის გასაგებ ენებზე მიიღებენ.

„ბედნიერი ვარ, რომ პირველმა არხმა ასეთ არაჩვეულებრივ პროექტს ჩაუყარა საფუძველი. მიხარია, რომ პრეზენტაცია თავისუფალი პრესის დღეს შედგა. ეს კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმას, რომ ერთიანობა მრავალფეროვნებაშია. მე საქართველოს რეგიონებში ვიმყოფებოდი, სადაც მოსახლეობა თავს თბილისიდან მოწყვეტილად გრძნობს ენობრივი ბარიერის გამო. ახლა ისინი ინფორმაციას მათთვის გასაგებ ენებზე მიიღებენ. პირველი არხი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აგრძნობინებს, რომ ისინი ამ ქვეყნის ნაწილი არიან. ასევე მინდა, სიხრულით აღვნიშნო, რომ მალე პირველ არხს ექნება რეგიონული ბიუროები ბათუმში, ქუთაისსა და კახეთში“, – განაცხადა პასკალ მენიემ.

პირველმა არხმა ახალი პროექტის, „მრავალფეროვანი საქართველო“ პრეზენტაცია დღეს გამართა.

პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებასა და მრავალფეროვან კულტურათა დიალოგის ხელშეწყობას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საფრანგეთისა და სომხეთის ელჩები, ასევე აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები.

წყარო: პირველი არხი

Print