მეორე ქესალოს მოსახლეობა გაზის მრიცხველების თვითნებურად დამონტაჟების შემდეგ ბუნებრივი აირის მოლოდინშია
მარნეულიდან 25 კმ-ზე მდებარე სოფელი მეორე ქესალო პრობლემებით სხვა სოფლებისაგან დიდად არ განსხვავდება. ამ სოფელს ნაგავის, სასმელი და სარწყავი წყლის, გზების და საძოვრების პრობლემა აწუხებთ. ქესალოს მაცხოვრებლებს ამ ყველაფერთან ერთად ბუნებრივი აირიც არ აქვთ. სოფლის ერთ ნაწილში ბუნებრივი აირის მილები გაიყვანეს და გაზი მიაწოდეს. მეორე ნაწილს კი გაზი არ აქვს. სოფელ ქესალოს მაცხოვრებელი 40 წლის ჰაგვერდი მამედოვის ოჯახი 8 კაცისგან შედგება. მისი თქმით, ძირითადი შემოსავალი მესაქონლეობიდან და სოფლის მეურნეობიდან აქვთ. ჰაგვერდი ამბობს რომ სახლში შეშით და გაზის ბალონით სარგებლობენ. ერთ თვეში ბალონისთვის 90 ლარს ხარჯავს. რამდენიმე წელია სოფელში გაზი გაყვანილია. მაგრამ მათ დასახლებამდე ჯერაც არ მიუღწევია. რამდენჯერმე მერიას და გაზმომარაგების კომპანიას მიმართეს. შესაბამის სამსახურებიდან კი მათ უთხრეს რომ პრობლემას მოაგვარებენ.

„რა უნდა გითხრათ, ხალხი ცაში ადის და ჩვენ მიწაზე ჯერ კიდევ შეშით ვთბებით. დეპუტატი, რწმუნებული ავარჩიეთ. გვითხრეს მოგვარდება ეს პრობლემა და გაზი გექნებათო. არის ისეთი ოჯახი სადაც ბავშვი ცხოვრობს და 6-ჯერ სჭირდებათ საჭმელს მომზადება. დეპუტატი კი ამბობს გაზის საკითხს ნუ მახსენებთო.“

სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფლის მეორე ნაწილის გაზის მილებიც თავიანთი ხარჯებით გაიყვანეს.

„გამგეობაშიც ყველგან ვიყავით და გვითხრეს გაზი გექნებათო. მოგვატყუეს, და ჩვენც 20-მა ოჯახმა ერთად გადავწყვიდეთ და ჩვენით გავიყვანეთ. 12 წელია მეჩეთი აშენებულია და მანდ არის გაზი, მაგრამ სოფელში ვერ გაიყვანეს. 1000 ლარი გადავიხადეთ, ყველაფერი ვიყიდეთ და გავიყვანეთ, მაგრამ გვატყუებენ, რომ გააკეთებენ.“

სოფელი მეორე ქესალო გაზით შ.პ.ს „გაზტრანს სერვისს“ უნდა მოემარაგებინა. როგორც „გაზტრანს სერვისის“ დირექტორმა გიორგი მჭედლიშვილმა ჩვენთან საუბრისას თქვა, მათ კომპანიას განცხადება უკვე შეტანილი აქვთ შესაბამის სამსახურებში და ნებართვის მიღების თანავე დაიწყებენ სოფლის გაზიფიცირებას, მაგრამ ამავდროულად დაამატა, რომ თავად 8 თვის განმავლობაში საავბადმყოფოში იწვა, ამ დროის განმავლობაში კი მოსახლეობამ თვითნებურად დააყენა მრიცხველები.

“ის ინფორმაციაც მაქვს, რომ ვიღაცეებმა იქ თვითნებურად დააყენეს მრიცხველები და სემეკში ეს საკითხიც მაქვს გასაჩივრებული. 1000 ლარი არ ვიცი, მაგრამ ვიღაცისთვის მრიცხველის დაყენებაში 900 ლარი მოუთხოვიათ. როდესაც ვუთხარით დამისახელეთ ვინ არიან ეს პიროვნებებიო მათი დასახელება არ ისურვეს იმიტომ რომ თავიანთი სოფლის მოსახლეები არიან.“ - გიორგი მჭედლიშვილი

გიორგი მჭედლიშვილი ასევე ამბობს, რომ კომპანია „სოკარი“ ამ სოფელში დაუკითხავად შევიდა და გაუფორმებელი მრიცხველები გაიფორმა და მას ამ საკითხზე მოდავების ბერკეტიც არ დაუტოვეს.

როგორც „სოკარის“ გაზმომარაგების კომპანიაში განგვიცხადეს 2018-2019 წლებში სოფელ მეორე ქესალოში მათ არანაირი სამუშაოები არ აქვთ დაგეგმილი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები