ფაშინიანი დღეს სოჭში პუტინს შეხვდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს, 14 მაისს სოჭში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის ფარგლებში სომხეთის ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ შეხვდება. ინფორმაციას რუსული სააგენტო რია-ნოვოსტი ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განმარტებით, შეხვედრაზე მხარეები სავარაუდოდ რეგიონული უსაფრთხოებისა და ორმხრივი დღის წესრიგის მთავარ საკითხებს განიხილავენ. უშაკოვის თქმით, ეს შეხვედრა ასევე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ორი ქვეყნის ხელმძღვანელი ერთმანეთს გაიცნობს.

რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკაზე სომხეთის ოპოზიციის ლიდერისა და ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრს ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი კომენტარის გაკეთება მოუწია. მისი განცხადებით, სომხეთი საგარეო პოლიტიკურ კურსს არ ცვლის და არც ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან და ODKB–დან [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია გამოსვლას გეგმავს. ამავე დროს, ფაშინიანი ხაზს უსვამს იმას, რომ სომხეთი ურთიერთობებს გააღრმავებს ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ასევე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი გამარტივდეს.

Mənbə: Netgazeti
Print