სოფელ ბაილარში გუბერნიისაგან ნაჩუქარ ნაგვის ურნებსაც კი არ შეიტანენ
სოფელი ბაილარი მარნეულიდან 12 კილომეტრის მოშორებით მდინარე ხრამთან ახლოს მდებარეობს. სოფელში შესვლისთანავე პირველად არაკანონიერი ნაგავსაყრელი დაგხვდებათ. ამ ადგილას გავლისას საშინელ სუნს იგრძნობთ.

ეს სოფლის ტერიტორიაზე შექმნილი ერთადერთი არაკანონიერი ნაგავსაყრელი არაა. ერთ-ერთი მათგანი მდინარე ხრამის სანაპიროდან 500 მეტრის მოშორებითაცაა. ქარის დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენები მდინარეს გვერდით იყრება და იმ წყალში ხვდება რომელსაც შემდგომ მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო მიწების მოსარწყავად იყებნებს.

68 წლის აკიფ იუსუბოვი სოფელ ბაილარში ცხოვრობს. მას ყველაზე მეტად სოფელში ნაგვის ურნების არ არსებობა აწუხებს. აკიფიც მეზობლების მსგავსად ძირითადად სოფლის მეურნეობით და მესქონლეობით არის დაკავებული. მისი თქმით, სოფელში ნაგვის ურნების არ არსებობის გამო საყოფაცხოვრებო ნარჩენებს სადაც უნდათ იქ აგდებენ.
„რა თქმა უნდა საჭიროა. ნაგვის ურნა რომ იყოს იქ ჩავაგდებთ. ახლა იძულებული ვართ არხში ან სადმე სოფელში დავყაროთ. კარგი იქნებოდა ურნები რომ დაედგათ.“ - აკიფ იუსუბოვი
სოფლის მაცხოვრებლების თქმით, სოფელში რამდენჯერმე გაწმინდეს ნაგავსაყრელი, მაგრამ ურნების არ არსებობის გამო იმავე ტერიტორიებზე ისევ ქმნიან არაკანონიერ ნაგავსაყრელებს.
„ყველა სადაც უნდა იქ აგდებს ნაგავს. ყველგან დაავადებებია. სოფლის თავშიც, შუაშიც და ბოლოშიც ნაგავსაყრელია. ყველაფერი გააკეთეს მაგის გარდა. იქნებ დადონ ურნები და იქ ჩავყრით, ჩვენთანაც სისუფთავე იქნება.“
„რამდენჯერ მივმართეთ მაგრამ შედეგი არაა. არაფერიც არ გააკეთეს. სოფლის მეორე მხარეს არის ადგილი და იქ ვაგდებთ ნაგავს.“

რადიო „მარნეულს“ არაკანონიერი ნაგავსაყრელის პრობლემა 10-მდე სხვადასხვა დასახლებიდან აქვს გაშუქებული, როგორც „სუფთა მარნეულის“ დირექტორი ლერი მუმლაძე გვეუბნებოდა, ისინი გუბერნიიდან 200 ურნის შემოტანას ელოდებოდნენ, რომელსაც ქალაქში და სადახლოს მაგისტრალის გზისპირა სოფლებში გაანაწილებდნენ. როგორც აღმოჩნდა სოფელი ბაილარი სადახლოს მაგისტრალის გზის ნაპირას არ მდებარეობს, რის გამოც გუბერნიის მიერ გამოგზავნილი ურნები იქ არ დაიდგმევა. ხოლო ლერი მუმლაძემ გვითხრა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში სოფელ ბაილარში სანაგვე ურნების შეტანა არაა გათვალისწინებული, რის გამოც ბაილარის მოსახლეობას კიდე ერთი წელი მაინც მოუწევს უკანონო ნაგავსაყრელების გვერდით ცხოვრება.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები