პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდა
გუშინ, 4 ივნისს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდა. შეხვედრა დახურული იყო, შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას 10 ივნისამდე მისცა ვადა იმისათვის, რომ დაისაჯონ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე პირები და ისინი, ვინც ხელს უშლიან გამოძიების სწორად წარმართვას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თამთა მიქელაძემ, EMC-ის წარმომადგენელმა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველმა განაცხადა, რომ პრემიერი მაჩალიკაშვილს დაჰპირდა, რომ გაენობა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში პრობლემურ საკითხებს და მთავრობის პოლიტიკა პანკისის ხეობაში უფრო ჰუმანური გახდება და გაჩენილ უნდობლობას მოაგვარებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა მოისმინა ის კითხვები, რომლებიც მაჩალიკაშვილების ოჯახს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აწუხებს. გიორგი კვირიკაშვილი ასევე გაეცნო ოჯახის ადვოკატების მოსაზრებებს გამოძიების პროცესსა და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მათი მიერ ნახსენები საკითხებით დაინტერესდება და მაქსიმალურად შეეცდება, ამ საქმეზე უსამართლობის განცდა არ არსებობდეს.

შეხვედრაზე მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატებისთვის საქმის მეტი დეტალის გაცნობის შესაძლებლობაც განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ის კითხვები, რომლებიც სარალიძეების ოჯახს მათი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აქვს და აღნიშნა, რომ ამ თემაზე გარკვეული ინფორმაცია პირველ ივნისს, სახალხო დამცველთან შეხვედრისასაც მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ სარალიძეების ოჯახი სახალხო დამცველის მეშვეობით საქმის მასალებს გაეცნობა. ანალოგიური შეთანხმება შედგა დადუნაშვილების ოჯახთან შსს-ში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები