“აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემულ წიგნს ვერსად ნახავთ”
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული წიგნების დეფიციტია .

გარდაბანში მცხოვრები 41 წლის ალსაფთარ ათაბეგოვი, რომელიც თვითონ რამდენიმე წიგნის ავტორია, ამბობს, რომ მის ახალგაზრდობაში ეთნიკური აზერბაიჯანელები უფრო ბევრს კითხულობდნენ. მისი თქმით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ეთნიკური აზერბაიჯანელები წიგნებს ნაკლებად კითხულობენ, ქართული ენის არცოდნა და აზერბაიჯანულენოვანი წიგნების სიმცირეა: “ადრე ბევრი წიგნი გამოდიოდა როგორც ქართულ და რუსულ, ისე აზერბაიჯანულ ენებზე. შესაბამისად, წიგნის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ის ხელიდან ხელში გადადიოდა. ახლა აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემულ წიგნს საქართველოს სოფლებში კი არა, თბილისშიც ვერსად ნახავთ.”

ჩვენ თბილისის ცენტრში, წიგნების რამდენიმე დიდ მაღაზიას ვეწვიეთ. აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული წიგნი არცერთ მათგანში არ იყო. როგორც აგვიხსნეს, აზერბაიჯანულენოვან წიგნებზე მოთხოვნა ძალიან დაბალია. წიგნის მაღაზიათა ქსელში - “ბიბლუსი” გვითხრეს, რომ ამჟამად აზერბაიჯანულენოვანი არცერთი წიგნი არ აქვთ და არც ახსოვთ, ოდესმე თუ ჰქონიათ. ამ მაღაზიის დახლებზე არსებული წიგნების დიდი ნაწილი ქართულ ენაზეა გამოცემული. თუმცა, ხელმისაწვდომია რუსული და ინგლისურენოვანი წიგნებიც.

18 წლის იმრან სულეიმანოვი, რომელიც ფოტოჟურნალისტია, აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემულ წიგნებს ძირითადად აზერბაიჯანში ყიდულობს. ზოგჯერ ის თურქულ წიგნებსაც ყიდულობს და კითხულობს. იმრანი ამბობს, რომ აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული წიგნები საქართველოს ბიბლიოთეკებშიც ძნელი სანახავია: "მთავარი მიზეზი, რის გამოც აზერბაიჯანელები წიგნებს ნაკლებად კითხულობენ, არის ის, რომ აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული წიგნები ხელმისაწვდომი არ არის: წიგნის მაღაზიებში აზერბაიჯანულენოვანი წიგნების პოვნა შეუძლებელია. იშვიათად, რომ ბიბლიოთეკაში აზერბაიჯანულენოვანი წიგნი იყო. თუ არის, ისიც უინტერესოა. ბიბლიოთეკებში თანამედროვე, საინტერესო წიგნები რომ იყოს, ბევრი ადამიანი წაიკითხავდა.”

მარნეულელი ელვირ ჰასანოღლუ ამბობს, რომ საბჭოთა პერიოდში რაიონებში ბევრი ბიბლიოთეკა იყო, წიგნების კარგი ფონდით, მაგრამ წლების შემდეგ ბევრი მათგანი გაუქმდა და იგივე ბედი ეწია მარნეულის ბიბლიოთეკასაც, სადაც 32 000 წიგნი ინახებოდა: “ძველი ბიბლიოთეკის შენობა 2007 წელს დაანგრიეს, მის ადგილზე ახალი შენობა უნდა აეშენებინათ. ახალ შენობაში ბიბლიოთეკა მხოლოდ ათი წლის შემდეგ გაიხსნა. ძველი წიგნები კულტურის სახლის სარდაფში ჩაყარეს. მათი დიდი ნაწილი დაზიანდა. ახალი წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკაში შემოიტანეს, ძირითადად აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება.”

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ლევან თაქთაქაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანულენოვანი წიგნების ძველი ფონდი დაიწვა და ახლა ახალი ფონდი დგება: “ჩვენს ფონდში აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული წიგნებიც არის. ადრე 30 000 წიგნი გვქონდა. ეს წიგნები, რომლებიც სომხურ ეკლესიაში ინახებოდა, 2002 წელს მომხდარი ხანძრის გამო დაიწვა. ამის შემდეგ დავიწყეთ აზერბაიჯანულენოვანი წიგნების ახალი ფონდის შექმნა. ამ მიზნით ვთანამშრომლოთ აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. ამჟამად 2000-ზე მეტი წიგნი გვაქვს. ზოგი გვაჩუქეს, ზოგი ჩვენ თვითონ შევიძინეთ. აზერბაიჯანულ წიგნებს ძირითადად ბაქოში ვყიდულობთ. თუმცა, აზერბაიჯანულენოვანი მკითხველი ძალიან ცოტა გვყავს."

წიგნის გამომცემლობებში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანული წიგნები ნაკლებად იბეჭდება. საგამომცემლო სახლ „მერიდიანის“ დირექტორი, კახა რუსიძე ამბობს, რომ აზერბაიჯანულენოვანი წიგნის დაბეჭდვის შეკვეთა მხოლოდ ორჯერ ჰქონდა: “ერთხელ აზერბაიჯანის საელჩომ დაგვიკვეთა წიგნის გამოცემა, მეორედ კი არასამთავრობო ორგანიზაციამ. ორივე შემთხვევაში წიგნი ძალიან მცირე ტირაჟით გამოვიდა. სხვა შეკვეთა არ მახსენდება.”

თბილისელი იმრან სულეიმანოვი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის მთავრობის მიერ საქართველოს ბიბლიოთეკებისთვის შემოწირული წიგნების უმრავლესობა აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებზეა მორგებული: "ასეთი წიგნები გვაშორებს სახელმწიფოებრივ აზროვნებას. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ. საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებული უნდა იყოს, რომ მისმა მოქალაქეებმა აზერბაიჯანულ ენაზე თანამედროვე და საინტერესო წიგნები წაიკითხონ."


ჟურნალისტი: რაჰიმ სალიევი




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები