„სამწუხაროდ რეზულტატი არაფერია, ჯერ არ ჩანს“ - ზაურ ტაბატაძე სოფელ დამიას მოსახლეობის ქართული ენის ცოდნასთან დაკავშირებით
სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი დღეს, 27 ივნისს სოფელ დამიას მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე.

შეხვედრის მსვლელობისას მოსახლეობამ სოფლისერთ-ერთ მთავარ პრობლემად ამორტიზებული გზა დაასახელა, რასთან დაკავშირებითაც მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მათ უთხრა, რომ ამ სოფელში გზის რეაბილიტაცია 2020 წლისათვისაა დაგეგმილი.

მოსახლეობასთან საუბრისას ზაურ ტაბატაძე ენის ბარიერის პრობლემასაც შეეხო. მან სოფლის მცხოვრებლებს უთხრა, რომ მათ უნდა ისწავლონ ქართული სახელმწიფო ენა, რაზეც სოფლის მოსახლეობამ უპასუხა, რომ ისინი სწავლობენ ქართულს. 

„სამწუხაროდ რეზულტატი არაფერია, ჯერ არ ჩანს“ - ასე უპასუხა ზაურ ტაბატაძემ სოფელ დამიას მოსახლეობას.

ზაურ ტაბატაძის კომენტარს სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი გამოეხმაურა და მას უთხრა, რომ გზების პრობლემიდან ყურადღება ენის შესწავლაზე არ გადაეტანა და, რომ მათ იციან აღნიშნული პრობლემა და ისწავლიან ქართულ ენას.

რუბენ სადოიანმა ზაურ ტაბატაძეს ასევე უთხრა, რომ სოფელ დამიის მოსახლეობა ძალიან მომთმენია და თავადაც 2020 წლამდე კი არა, ერთი კვირის განმავლობაში რომ იაროს ამ გზაზე მას რაიმე დაემართება.

ზაურ ტაბატაძე სომხეთის ელჩს საქართველოში არ დაეთანხმა და უთხრა, რომ სომხეთშიც ყველა სოფელში „კაუჩუკის“ გზა არ არის.



რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები