შსს მოძალადეების ქცევას ელექტრონული სამაჯურებით გააკონტროლებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევას ელექტრონული სამაჯურებით გააკონტროლებს. ამის შესახებ განცხადება უწყებამ დღეს, 10 ივლისს გააკეთა. ელექტრონული მონიტორინგის სისტემა მიმდინარე წლის ბოლოს ამოქმედდება.

შსს-ს მონაცემებით, ოჯახში ძალადობის მიართვიანობამ და დაკავებულთა რაოდენობამ, 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, საგრძძნობლად მოიმატა.

„გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.“ - წერია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვემო ქართლში 2018 წლის პირველ ექვს თვეში ოჯახური ძალადობის 396 ფაქტი გამოვლინდა და აქედან 173 საქმე გაიხსნა. მთელი საქართველს მასშტაბით კი 3 292 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა. მისი დარღვევის მაჩვენებელი 7%-ია, რაც შსს-ს ცნობით, ძირითადად „მიახლოების აკრძალვის“ დარღვევაში გამოიხატა.

ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურების შემოღების ადვოკატირებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახორციელებს. საიას ადვოკატი გვანცა საკანელაშვილი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ ელექტრონული მოიტორინგის სამაჯურების შემოღება მნიშვნელოვანია, რადგან დღეს მოქმედი კანონმდებლობიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, ძალადობის მსხვერპლები, შემაკავებელი ოდერის გამოწერის დროსაც ვერ გრძნობენ თავს დაცულად. მოძალადე, შესაძლოა, მიუახლოვდეს მსხვერპლს და მის საცხოვრებელ სახლს ისე, რომ ამის შესახებ სამართალდამცავ უწყებებში შეტყობინება დროულად არ შევიდეს.



გვანცა საკანელაშვილის აზრით, ელექტრონული სამაჯურების შემოღების შემთხვევაში შემაკავებელი ორდერების დარღვევის მაჩვენებელიც გაიზრდება. საიას მიმართავენ ბენეფიციარები, რომლებიც ამბობენ, რომ მოძალადეებმა დაარღვიეს შემაკავებელი ორდერი, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ სამართალდამცავ უწყებებში არ განუცხადებიათ.



ჯერ-ჯერობით განსაზრვრული არ არის ის მანძილი, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც სამართალდამცავ უწყებებში შეტყობინება შევა. სავარაუდოდ, ეს დისტანცია ელექტრონული კონტროლის სამაჯურის შემოღების დროისთვის დადგინდება.

რადიო „მარნეული“

Print