სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს
ხადის ხეობაში რაიან სმითის, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მალხაზ კობაური თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდებულის ადვოკატის, ალუდა ბუჩუკურის განცხადებით, მალხაზ კობაურს ბრალდების მხარისგან განსხვავებული ვერსია აქვს.

„შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და მასთან შევათანხმე პოზიცია. იგი გარკვეულ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ამ დროისთვის საჯარო განცხადებებისგან თავს ვიკავებთ. თუმცა, ბრალს არ აღიარებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ვერსია ნამდვილად განსხვავებულია, ვიდრე, ბრალდების მხარის ვერსია“, - განაცხადა ალუდა ბუჩუკურმა, რომელიც მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მალხაზ კობაურს ესაუბრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხადის ხეობაში 43 წლის რაიან სმითის და მისი 4 წლის შვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულმა მალხაზ კობაურმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

შსს-ს განცხადებით, მკვლელობა 4 ივლისს მოხდა. ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შსს-ს ცნობით, ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდან არის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ხადის ხეობაში ის მწყემსად მუშაობდა.






წყარო: reginfo.ge
Print