ლენტეხის ტყეში გაჩენილი ხანძრის კერების ლოკალიზებაში ვერტმფრენი კვლავ ჩაერთო
ლენტეხის ტყეში გაჩენილი ხანძრის კერების ლოკალიზებაში ვერტმფრენი კვლავ ჩაერთო სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის სრულად ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის კერების ლოკალიზებაში ვერტმფრენი დღეს კვლავ ჩაერთო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე დარჩენილია ცეცხლის რამდენიმე კერა და ძირითადად დაკვამლიანება შეინიშნება. მათი ინფორმაციით, 150-მდე მეხანძრე-მაშველმა ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განაახლა. ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მუშაობენ თბილისის, შიდა ქართლის და იმერეთის მეხანძრე-მაშველებიც.

როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი მეხის დაცემაა.

„ხანძრის ბოლომდე ლიკვიდაცია იმიტომ არ მოხერხდა, რომ რელიეფია ურთულესი. იწვის ტყის ქვედა ნაწილი, ტორფი, გამხმარი წიწვი და რთულია ცეცხლის ჩაქრობა. ფართობი არ გაზრდილა, არის მცირე კერები და ძირითადად დაკვამლიანება. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი არის მეხის დაცემა. იქ ისეთი ადგილია, დიდი ალბათობით ვერც გამვლელი და ვერც ტურისტი ვერ მოხვდებოდა,“ - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი 2 დღის წინ გაჩნდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები