წერეთლის სკვერის მოსაწყობად ტენდერში მონაწილე კომპანიამ ხელშეკრულება დაარღვია - უცნობია როდის დასრულდება სამუშაოები
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერში მონაწილე კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია.

დარღვევა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვადების გადაცილებას გულისხმობს. სოფელ წერეთელში 9 აპრილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია წესით 4 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე სამუშაოების დაახლოებით 15%-ია შესრულებული.

რადიო მარნეული ეცადა მერიაში, შესაბამის სამსახურში მოეკვლია ინფორმაცია, თუ რომელი პუნქტების დარღვევაზეა ლაპარაკი და როდის დასრულდება სკვერის რეაბილიტაცია. ამ საკითზე კი მერიის პიარსამსახურმა ოთარ პირველთან გადაგვამისამართა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის ტენდერების მუშაობას აკონტროლებს, თუმცა ოთარ პირველმა არ იცის სამუშაოები როდის დასრულდება და ამბობს, რომ საკითხი მერიის კომპტენციაში შედის. მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე კომპანია სამუშაოების განხორციელებას განაგრძობს, ვადის გადაცილების გამო კი ჯარიმა დაეკისრა.



რადიო მარნეული მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ტენდერში მონაწილე კომპანიას შპს “ტაოს“ წარმომადგენელთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ტენდერში მითითებული საკონტაქტო ნომერი არასწორია.

შპს „ტაოს“ სულ 103 ტენდერში აქვს მონაწლეობა მიღებული. აქედან კი ტენდერების უმეტესობა, 57% წაგებული აქვს.
როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის- კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ლომთაძე ამბობს, თუ მუნიციპალიტეტი ხედავს, რომ კომპანია ტენდერით ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს, შესაძლებელია კომპანიასთან შეწყვიტოს ხელშეკრულება და ტენდერი თავიდან გამოაცხადოს.

სოფელ წერეთელში სკვერი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში კეთდება, რისთვისაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ 165 498 ლარი გამოყო.

ტენდერის მიხედვით, წერეთლის სკვერის საპროექტო სივრცე ფუნქციურად ორ, ისტორიულ და ყოველდღიურ თანამედროვე ზონად უნდა გაიყოს. ორივე ზონის მოწყობა კი შპს „ტაოს“ ვალდებულებაა, რომელიც ჯერ არ ვიცით როდის დასრულდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები