რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი უკიდურესად
ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში
გაწევრიანებას.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ
ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენთვის ეს ეროვნული უსაფრთხოების პირდაპირი და უშუალო
საფრთხეა. ნატო-ს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან გადაადგილება
საფრთხეა. შესაბამისად, ჩვენი რეაქცია უკიდურესად ნეგატიური
იქნება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისივე თქმით, „ამჟამად ნატო-ს ინფრასტრუქტურა იზრდება, გაზრდილია
ნატო-ს სამხედროების რაოდენობა იმ რაიონებში, სადაც ისინი არ უნდა
იყვნენ“.
„ეს დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორია. ჩვენს
ურთიერთობებში ეს უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა, პრეზიდენტ ტრამპთან ამ
თემაზე არ გვისაუბრია“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ 11-12 ივლისს, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე
ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა სამიტის დეკლარაციაში კიდევ ერთხელ
დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის
თაობაზე, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება.