სასამართლო სისტემას ადათ - წესებისა და ენoბრივი ბაირერის არ ენდობიან
“ხალხი სასამართლო სისტემას არ ენდობა”

ენდობიან თუ არა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები სასამართლო სისტემას და როდის, ან რა შემთხვევაში მიმართავენ სასამართლოს? ჩვენ ამ კითხვით რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს მივმართეთ :

მარნეულში მცხოვრები 58 წლის ჰუსეინ ჰასანოვი ამბობს, რომ ბანკთან შექმნილი პრობლემის გამო სასამართლოს მიმართა, მაგრამ პროცესი დროში ძალიან გაიწელა: “ქართული ენა არ ვიცი. ამით ისარგებლეს ბანკში და ხელშეკრულების პირობები სწორად არ ამიხსნეს. აღმოჩნდა, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი იყო 12%, მაშინ, როცა მე 7% ვიცოდი. ამის გამო მივმართე სასამართლოს. სასამართლო კი ძალიან მაწვალებს. ამხელა მანძილი უნდა ვიარო სასამართლოში მისასვლელად. ავიყვანე ადვოკატი, პროცესი კი ძალიან ჯანჯლდება. ახლა მეც აღარ ვაკითხავ სასამართლოს. უკეთესი იქნებოდა, თავიდანვე არ მიმემართა.“


ორგანიზაცია Mercy Corps-ის წარმომადგენელი, სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ საქართველოში სასამართლო პროცესი დიდ ხანს გრძელდება და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმის, რომ ხალხი სასამართლოს არ მიმართავს, ბევრი ადამიანი კი ფიქრობს, რომ კანონი არც ისე მკაცრია და დამნაშავე სათანადოდ არ ისჯება: „ჩვენს საზოგადოებაში უპირატესობას ანიჭებენ მორიგებას. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ კანონი სათანადოდ არ სჯის დამნაშავეს. მაგალითად, როცა საქმე ქალის პატივის და ღირსების შელახვას ეხება, გვინდა, რომ დამნაშავე კანონით ისჯებოდეს. ასეთი საქციელი კი კანონით მკაცრად არ ისჯება.“

მარნეულში მცხოვრები 37 წლის ჯეიჰუნ მამედოვი ამბობს, რომ სასამართლოსთვის მიმართვას, სჯობს მოდავეებმა საქმე ერთმანეთში მოაგვარონ: „მეზობელთან მქონდა დავა მიწაზე. წავედით სასამართლოში. როცა გავიგეთ, რომ პროცესი შეიძლებოდა წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო, წამოვედით და დავა ჩვენ თვითონ მოვაგვარეთ.“



26 წლის სტუდენტი ლიამან მამედოვა კი აცხადებს, რომ ტრადიციულ საზოგადოებაში ბევრ ადამიანს ისევ დრომოჭმული ადათ-წესების დაცვა ურჩევია: „თუ მამაკაცი ქალზე ძალადობს, სასამართლო ქალის მხარეზეა. ეს ბუნებრივია, რადგან, ადამიანის ცემა არ შეიძლება. ჩვენს საზოგადოებაში კი ასეთ შემთხვევაში კაცს ამართლებენ და ამის გამო სასამართლოს არ მიმართავენ.“

სოფელ ყიზილ-აჯლოში მცხოვრები 32 წლის გიულშან ნურმამედოვა მეუღლემ 3 შვილთან ერთად მიატოვა. გიულშანი ამბობს, რომ სასამართლომ მის ყოფილ ქმარს ალიმენტის გადახდა დააკისრა, მაგრამ ის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს: „სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება. მიზეზი არ ვიცი. რა გამოვიდა, რისთვის მივმართე? არ ვიცი, რა გავაკეთო. მეუბნებიან ისევ სასამართლოს მიმართეო. არ მაქვს საშუალება, რომ ადვოკატი ავიყვანო,“ - ამბობს გიულშანი.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს ხელმძღვანელი მირთაღი ასადოვი კი ამბობს, რომ ის ხშირად მიმართავს სასამართლოს: „ხალხი არ მიმართავს სასამართლოს, რადგან ეს კულტურა ჯერ კიდევ არ არის დამკვიდრებული ჩვენში. ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ხალხი სასამართლო სისტემას არ ენდობა. ჩვენი ორგანიზაცია ყველა საკითხს იურიდიული გზით აგვარებს. თუ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას არ მიიღებს, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ, შემდეგ კი ევროპის სასამართლოსაც მივმართავთ. ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ხშირად სასამართლოში ენის პრობლემაც აქვთ. ჩვენ ძირითადად თარჯიმნების დახმარებით ვმუშაობთ. იყო შემთხვევა, როცა თარჯიმანი არ მოვიდა და სასამართლო პროცესი ჩაიშალა.“



ავტორი: ნურანა მამმადი



სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები