“ჩვენს სოფელში სრული საშუალო განათლების მიღების საშუალება არ არის”
„ყოველთვის სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობაზე ვოცნებობდი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ჩვენს სოფელში სრული საშუალო განათლების მიღების საშუალება არ არის . ასე დარჩა ჩემი ოცნება აუსრულებელი,“ - ამბობს 19 წლის გაზანფარ იუსიფოვი. ის წარმოშობით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირიდან არის, - „სკოლა, რომელიც სრულ საშუალო განათლებას იძლევა, ჩვენი სოფლიდან 6-7 კილომეტრით არის დაშორებული. იქამდე ავტობუსი არ დადის. ყოველდღიურად ამ სკოლაში წასვლა-წამოსვლა ხარჯს მოითხოვს. არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც იქ სიარულს ახერხებენ, მაგრამ უფრო მეტია ისეთი, ვინც ჩემს მსგავსად სწავლას ვეღარ აგრძელებს.“

სოფელ იმირის სკოლის შენობა ძველი და ამორტიზებულია. სკოლაში, სადაც გათბობის სისტემა არ არსებობს, ზამთარში მოსწავლეთა დასწრება ძალიან დაბალია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზის სკოლაც არასრულია. ფუად მურვატოვი, რომელმაც ეს სკოლა 11 წლის წინ დაამთავრა, ექიმობაზე ოცნებობდა, თუმცა სწავლის გაგრძელება ვერც მან შეძლო: „სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ჩვენი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ვეღარ გავაგრძელე. საბუთები კი შევიტანე, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ ვიარე. ახლა საკარმიდამო ნაკვეთს ვამუშავებ და თავს იმით ვირჩენ.”

მარნეულის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე აკმამედ იმამკულიევი აცხადებს, რომ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით რამდენიმე ინიციატივა შეიმუშავეს, მაგრამ მათ წინადადებებს მერიამ მხარი არ დაუჭირა: „ჩვენ მრავალჯერ მივმართეთ მერიას ინიციატივით, რომ იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც სკოლაში მისასვლელად დიდი მანძილის გავლა უწევთ, სპეციალური ტრანსპორტი გამოგვეყო. გვქონდა მეორე ინიციატივაც: თუ არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები სწავლის გაგრძელების სურვილს გამოთქვამენ, მათ ამავე სკოლაში მივცეთ სწავლის გაგრძელების საშუალება და იქ პედაგოგები მოვიზიდოთ. სამწუხაროდ, ორივე შეთავაზებაზე უარი გვითხრეს.”

ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სოფლებში არსებული აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დიდი ნაწილი არასრულია. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ქართულენოვან სკოლებთან შედარებით იქ განათლების ხარისხი ბევრად დაბალია. სწორედ ამ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი: „ამჟამად აზერბაიჯანულენოვან სკოლებზე მოთხოვნა მცირდება. მშობლების დიდ ნაწილს შვილები ქართულენოვან სკოლებში გადაჰყავთ. თუ მოსახლეობა მოითხოვს, რომ 9-კლასიანი სკოლის მაგივრად სრული საშუალო სკოლა ჰქონდეთ, ბუნებრივია, ჩვენ მათ მოთხოვნას მხარს დავუჭერთ.”

19 წლის გაზანფარ იუსიფოვმა საკუთარ ოცნებაზე უკვე საბოლოოდ თქვა უარი. ახლა ის დღიურად მუშად მუშაობს და ამბობს, რომ ბევრი მისი თანასოფლელი ახალგაზრდის მსგავსად, ბედს ისიც შეეგუა.

ხაიალ აზიზოვი



სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები