თუ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადავლენ ქართული
ოცნების კანდიდატი და მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სხვა
ოპოზიციურ კანდიდატებს შორის,
სწორედ მარგველაშვილს ექნება წარმატების ყველაზე მეტი შანსი. ამას
აჩვენებს NDI-ის კვლევის შედეგები, რომელიც დღეს, 1 აგვისტოს
გამოქვეყნდა.
ვის მისცემდით ხმას, თუ მეორე ტურში შემდეგი ორი კანდიდატი გავიდა? –
ასე დაუსვა კითხვა NDI-იმ კვლევის მონაწილეებს და მათ ქართული ოცნების
კანდიდატთან ერთად შესთავაზა სხვა კანდიდატებიც. პასუხები ასე
განაწილდა:
- ქართული ოცნების კანდიდატი – 32%; ენმ-ის კანდიდატი – 20%;
არცერთი/არ ვიცი/უარი პასუხზე – 48%
- ქართული ოცნების კანდიდატი – 32%; პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი –
11%; არცერთი/არ ვიცი/უარი პასუხზე – 57%
- ქართული ოცნების კანდიდატი – 31%; დავით ბაქრაძე – 20%;
არცერთი/არ ვიცი/უარი პასუხზე – 48%
- ქართული ოცნების კანდიდატი – 26%; გიორგი მარგველაშვილი – 21%;
არცერთი/არ ვიცი/უარი პასუხზე – 53%
- ქართული ოცნების კანდიდატი – 31%; შალვა ნათელაშვილი – 18%;
არცერთი/არ ვიცი/უარი პასუხზე – 50%
NDI-ის კვლევის შედეგად გამოიკვეთა მთავარი ტენდენცია – ამომრჩევლების
უმრავლესობა არის გადაუწყვეტელი. 74%-მა არ იცის, ვის მისცემდა ხმას,
ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს.
აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში,
საქართველოს მასშტაბით 2 409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი
შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან
მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. საველე
სამუშოებს CRRC საქართველო ატარებდა.