ცესკომ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცესკო-დან აცნობეს, გრაფიკში დეტალურად არის აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებები და ვადები.

„2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. 1-ელ აგვისტოს ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით გამოცემული განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ.

ამავე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებები და ვადები. კომისიამ ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა.

ცესკომ 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსები გამოაცხადა. ასევე, ცესკოს მიერ განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ“,
- აცხადებენ ცესკო-ში.

საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სხდომაზე ცესკომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის კანდიდატის წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობაც დაადგინა. პოლიტიკური გაერთიანებისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 25 923 ამომრჩევლის ხელმოწერით.

როგორც სხდომის შემდეგ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, იწყება პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მომართვისა და კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი. გარდა ამისა, მისივე თქმით, აკრედიტაციის მსურველ ორგანიზაციებსა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს რეგისტრაციის გავლის მიზნით შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საარჩევნო კომისიებს.

„შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს უკვე აქვს შესაძლებლობა მომართოს ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს დროულად დაიწყონ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვების პროცედურები.
რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესებს, ასევე საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებულ ნორმებს - აღნიშნული ნორმები საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე ამოქმედდება“,
- განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში და თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებას საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები