სუს-მა, ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იარაღის
უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ
ცენტრში საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ.-ს მიმართ ტერორისტულ
ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა,
სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად,
აღნიშნული პირი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის
ფაქტზე დააკავეს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).
მალხაზ ტ-ს საცხოვრებელი სახლის და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია
ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე "ისლამური
სახელმწიფოს" სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ატრიბუტიკა.
სუს-ის ცნობით, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით
საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.