ადვოკატი - თეიმურაზ აბაზოვის დანაშაულს არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს
ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ჩამდენი პირი ან პირები უნდა დაისაჯონ, თუმცა ამ საქმესთან თეიმურაზ აბაზოვს შეხება არ ჰქონია, - ამის შესახებ მარნეულის ყოფილი მერის თეიმურაზ აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ გამოძიება უკვე დასრულებულია საგამოძიებო უწყების მიერ, თუმცა არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს თეიმურაზ აბაზოვის დანაშაულს.

"სამი თვეა თეიმურაზ აბაზოვს ბრალი აქვს წარდგენილი. დამთავრებულია გამოძიება და საქმეში მხოლოდ დაზარალებულ ელჩინ ალახვერდიევის ჩვენებაა, რომელიც აბაზოვის დანაშაულზე მიუთითებს. სხვა მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება აბაზოვის წინააღმდეგ. ამასთან, ექსპერტიზით დადგინდა, რომ ჭიქასთან რომელიც ვიდეო კადრებში ჩანს, თეიმურაზ აბაზოვს შეხება არ ჰქონია. გარდა ამისა, ელჩინ ალახვერდიევი ამბობს, რომ მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, თუმცა ექსპერტიზამ ისიც დაადგინა, რომ დაზარალებულს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მარნეულის ყოფილ მერს თეიმურაზ აბაზოვს გამოძიება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავება. თეიმურაზ აბაზოვს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 სექტემბერს არის დანიშნული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები