საქართველოს აქვს არა ეთნიკური კონფლიქტები, არამედ პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან – ბახტაძე
პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს აქვს არა ეთნიკური კონფლიქტები, არამედ პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან.
ამის შესახებ ბახტაძემ სასტუმრო “რუმსში” განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით საერთშორისო კონფერენცია “მსოფლიო თავდაყირა 2018” მიმდინარეობს.

“ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს. საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ და რასაც ვხედავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამის მაგალითად პრემიერმინისტრმა მოიყვანა ის, რომ ცხინვალის რეგიონში კონფლიქტამდე 120 000 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა 20 000 ცხოვრობს, საიდანაც 7 000 რუსი სამხედროა.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს პოლიტიკა კონფლიქტების გადაწყვეტასთან დაკავშირებით მშვიდობიანია და მთავრობამ შეიმუშავა ახალი ინიციატივების პაკეტი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის “ნაბიჯი უკეთესი მლმავლისკენ”.

“ჩვენ გვაქვს მიღწევები ამ გზაზე. საქართველოში არ არის ეთნიკური კონფლიქტები, როგორც ამას რუსული პროპაგანდა ამტკიცებს. ადამიანებს შორის ურთიერთობები არის კარგი. ეს არის პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან”,
- აღნიშნა ბახტაძემ.

კითხვაზე, ვლადიმერ პუტინის მმართველობის პირობებში აქვს თუ არა ამ კონფლიქტის გადაწყვეტის იმედი, ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავისი პოლიტიკა აქვს, რომელსაც მიჰყვება, ილუზიები არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ შედეგი არცთუ შორეულ მომავალში აუცილებლად დადგება.

მამუკა ბახტაძის თქმით, კონფლიქტები საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში, ასევე ყარაბაღის კონფლიქტი აჩვენებს, რომ ეს არის რუსეთის ტაქტიკა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ახლა, როდესაც ეს სურათი ცხადია, დასავლეთი უფრო კონსოლიდირებული იქნება და დაეხმარება საქართველოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები