8150-მდე ადამიანი ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნას პეტიციით ითხოვს
საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით, მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს.
პეტიციას ამ დროისთვის [14:00] 8150-მდე ხელმომწერი ჰყავს.

როგორც პეტიციის ტექსტში ვკითხულობთ, ხელმომწერები “ქართული ოცნებისგან” და სალომე ზურაბიშვილისგან, ზურაბიშვილის კანდიდატურის დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ღიად და დაუფარავად ატარებდა და ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ვნებს ქვეყნის დეკლარირებულ დასავლურ კურსს და ღირებულებებს:

“მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ავრცელებდა და ავრცელებს საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, კერძოდ კრემლის ნარატივს და გზავნილებს, ვერ შეასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრ პასუხისმგებლობას და ვერ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და განვითარების გარანტი” – წერენ პეტიციის ავტორები.

წყარო: ნეთგაზეთი
Print