შსს–მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი
დააკავა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის
განჩინების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი
ვ.მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მის
მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს
ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას,
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1971 წელს
დაბადებულ ა.თ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი
საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი
პისტოლეტი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე,
საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და
მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.