ფეიქრების ქუჩაზე 20 წლის გოგოს მატარებელი დაეჯახა
ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგოს მატარებელი დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
მემანქანეების ინფორმაციით, ლიანდაგზე ახალგაზრდა გოგონას დანახვისთანავე ხმოვანი სიგნალიც ჩართეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, თუმცა დისტანცია არ ეყოთ
მატარებელი, რომელიც ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგონას დაეჯახა, თბილისიდან შინდისის მიმართულებით მოძრაობდა. საუბარია სამგზავრო მატარებელზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის მატარებლის მემანქანეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მემანქანეებმა ხმოვანი სიგნალიც ჩართეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა.

„გამოძიება დაადგენს მიზეზი სუიციდი იყო თუ უბედური შემთხვევა მოხდა. ჯერჯერობით მემანქანეების პირველადი გამოკითხვა ჩატარდა. ისინი ამბობენ, რომ გოგონას დანახვისთანავე ხმოვანი სიგნალიც მისცეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, მაგრამ დისტანცია არ ეყოთ. შესაბამისად, შეჯახება მოხდა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სააგენტოს უწყების პრესსამსახურში განუმარტეს, რომ სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები