2012 წელს დაბადებული ბავშვები ადგილების გათავისუფლების მიზნით საბავშვო ბაღებიდან გაუშვეს

ქალაქ მარნეულის N4 ბაგა-ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელს, სექტემბრის დასაწყისში, ტექსტური შეტყობინებით აცნობეს , რომ მისი შვილი ბაღიდან ამორიცხულია. სხვა ახსნა-განმარტება, ან სკოლამდელი აღზრდის ალტერნატიულ შესაძლებლობებზე ინფორმაცია მას არ მიუღია.

„ბაღის დამთავრებისას არ გავუფრთხილებივართ, რომ ეს ბოლო წელი იყო, თორემ ბავშვს ბაღის ზეიმზე მაინც დავასწრებდი, სამახსოვროს სურათი მაინც დაგვრჩებოდა. მესიჯის მიღების შემდეგ სიტუაციის გარკვევა არ დამიწყია და გადავწყვიტე, რომ ბავშვი მოსამზადებელ კლასში მიმეყვანა“ - გვეუბნება ბავშვის დედა, რომელმაც აუდიო ინტერვიუზე უარი გვითხრა და ანონიმურობის დაცვა გვთხოვა.

მსგავს ვითარებაში მარნეულში კიდევ ბევრი მშობელი აღმოჩნდა. მათი შვილები 2012 წელს დაბადებულები არიან და სკოლის დაწყების დროისთვის არ შეუსრულდათ 6 წელი. ეს პატარები ბაღებს მიღმა დარჩნენ, რაც საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკას“ თავმჯდომარის გიორგი მესხიძის თქმით, დაუშვებელია

„ყველა ბავშვს აქვს სრული უფლება მიიღოს სასკოlო განათლება, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და ეს არის ამავე დროს სკოლამდელი განათლების კანონში. არავის არააქვს უფლება, რომ ბავშვს არ მისცეს ეს განათლება, მითუმეტეს რეგისტრირებული ბავშვი გამოაგდოს ბაღიდან.“ - გვეუბენბა გიორგი მესხიძე

N4 ბაგა-ბაღის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ სია რომლის მიხედვითაც ბავშვები ბაღიდან ამორიცხეს ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან მიიღო. აიპ-ის უფროსი, ზაურ ქარამოვი ამბობს, რომ ბაღებში ადგილების პრობლემაა. შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრის მერე დაბადებული ბავშვების გაშვება გამოსავალი იყო. მშობლები გაურკვევლობაში აღმოჩდნენ. მათ არ იცოდნენ, ჰქონდათ თუ არა ბავშვებს უფლება სწავლა ბაღში გაეგრძელებინათ, ან სკოლამდელი განათლების მიღების რა ალტერნატიული გზები არსებობს. ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ამტკიცევს, რომ მშობლებს საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 14 სასკოლო მზაობის ცენტრი მუშაობს. კიდევ ორი ახლო მომავალში გაიხსნება.

მარნეულის N4 საჯარო სკოლაში 4 სასკოლო მზაობის ჯგუფია შექმნილი. თითო 30 ბავშვზეა გათვლილი, თუმცა, აღსაზრდელების რაოდენობა ამჟამად ბევრად ნაკლებია. ამას შეიძლება ორი მიზეზი ჰქონდეს: მშობლების არაინფორმირებულობა და სასკოლო მზაობის ცენტრის სამუშაო გრაფიკი. ბარისგან განსხვავებით ბავშვი ცენტრში დღის განმავლობაში მხოლოდ 4 საათს ატარებს. ერთი ცვლა დილის 9საათიდან 1 საათამდე, მეორე კი პირველიდან ოთხამდე მუშაობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები