აუდიტი: სავალუტო რისკი სახელმწიფო ვალის მთავარ რისკად რჩება
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო ვალის პორტფელის ფორმირებისას სავალუტო რისკებზე მიუთითებს.
როგორც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, „მიუხედავად საგარეო ვალის წილის მცირედი შემცირებისა, სავალუტო რისკი წინა წლების მსგავსად ისევ რჩება სახელმწიფო ვალის პორტფელის მთავარ რისკ-ფაქტორად“.

“სავალუტო კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც სახელმწიფო ვალის ნაშთზე, ასევე საბიუჯეტო წლის განმავლობაში საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების სიდიდეზეც. კერძოდ, 2018 წლის ბიუჯეტის კანონის დამტკიცების შემდეგ, 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით არსებული სახელმწიფოს ვალის ნაშთი 211 მლნ ლარით გაიზარდა ლარის გაუფასურების გამო. შედეგად, მიზანშეწონილია, დამატებითი ყურადღება გამახვილდეს სავალუტო კურსის ცვლილების შედეგად გამოწვეული მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების მინიმიზაციაზე. აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთ მიდგომად განიხილება სახელმწიფო ვალის პორტფელში საგარეო ვალის წილის შემცირება, რისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს განვითარებული საშინაო საკრედიტო ბაზარი“
, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში, სადაც აღნიშნულია, რომ 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში სახელმწიფო ვალის ნაშთის დათვლისას გამოყენებულია გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.63 ლარი, მაშინ როდესაც 2018 წლის ბიუჯეტის კანონი დაიგეგმა 2.5 ლარის კურსით.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.67 ლარი ღირს.

წყარო: bm.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები