საქართველოში აღრიცხული კიბერდანაშაული გაორმაგდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს კიბერდანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა. კრიმინალის სტატისტიკის მიხედვით, პირველ რვა თვეში ამ ტიპის დანაშაულის სულ 613 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 111%-ით აღემატება.

ამ ტიპის დანაშაულების ზრდასთან ერთად, შემცირებულია მათი გახსნის მაჩვენებელიც. 2017 წლის რვა თვეში სამართალდამცავებმა კომპიუტერული დანაშაულების 23% გახსნეს, 2018 წელს კი ეს რიცხვი 11.7%-მდე არის შემცირებული. ანუ კიბერდანაშაულის თითქმის 90% გაუხსნელი რჩება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კიბერდანაშაული რამდენიმე მუხლით ისჯება, ესენია:

• მუხლი 284 - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ამ მუხლისთვის დაწესებული მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა;
• მუხლი 285 - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 3-წლიანი პატიმრობაა;
• მუხლი 286 - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს სხვა კატეგორიის დანაშაულების რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რვა თვის განმავლობაში სულ 38,578 კანონდარღვვევა აღრიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58%-ით მეტია. ამასთანავე, 2017 წელს არსებული 52%-დან დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი 36%-მდე არის შემცირებული.

წყარო: bm.ge
Print