პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეზე კუდ-ის სამ ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს – რუსთავი 2
“კურიერის” ინფორმაციით, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე პროკურატურამ ყოფილი ხელისუფლების სამ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენა.
ტელეკომპანიის ცნობით, საქართველოს პროკურატურამ ეჭვქვეშ დააყენა სკოტლანდ იარდის 10 წლის წინანდელი გამოძიება, რომლის თანახმადაც პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა და ბრალი კუდ-ის ყოფილ ხელმძღვანელებს წაუყენა.

“კურიერთან” ბრალდებულ რევაზ შიუკაშვილის ადვოკატმა ქეთი მირიანაშვილმა ისაუბრა, რომლის თქმითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წაყენებული ბრალდება აბსურდულია. იურისტი ვარაუდობს, რომ ხმაურიან საქმეზე ბრალის წარდგენა პროკურატურას დასჭირდა ბოლო დროის სკანდალებიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ გრძნობს და თვლის, აღნიშნული ბრალი დაფუძნებულია ე.წ. მტკიცებულებებზე, რომელიც ვითომდა 2007-2008 წლებში არის ჩაწერილი. აქ საუბარია გარკვეულ ჩანაწერებზე, რომლის ავთენტურობაც დიდი ეჭვის ქვეშ დგას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთებულია ექსპერტიზებიც სამხარაულის ეროვნულ ბიუროში 2016 წელს და რატომღაც აღნიშნული საქმე ამდენი წლის განმავლობაში პროკურატურაში თაროზე შემოდებული იყო. დღესდღეობით, როდესაც ხელისუფლებას გაუჭირდა, შემოაგდეს საქმე გარკვეული თემების გადასაფარად. დავუშვათ, რომ აღნიშნული ჩანაწერები არის ავთენტური, ამ შემთხვევაშიც ჩანაწერებში არ იკვეთება დანაშაულის გარკვეული ნიშნები, ვინაიდან ყველა იურისტმა იცის, რომ მომზადებას უნდა მოჰყვებოდეს გარკვეული ქმედებები”, – განაცხადა ქეთი მირიანაშვილმა.

საქართველოს პროკურატურაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. როგორც “ნეტგაზეთს” უწყებაში უთხრეს, ამ თემაზე ოფიციალური ინფორმაცია ხვალ გავრცელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები