სოფელ ლამბალოდან გატაცებული არასრულწლოვანი გოგო პოლიციამ იპოვა
სოფელ ლამბალოდან გატაცებული არასრულწლოვანი გოგო პოლიციამ მეექვსე დღეს იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გატაცებულ გოგოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში მიაგნეს.

უწყების განცხადებით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მათი თქმით, გოგოსთან ფსიქოლოგი მუშაობს, რის შემდეგაც მას ფსიქოლოგის და ადვოკატის თანდასწრებით გამოკითხავენ. გამოძიებისა და არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე უწყება დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

17 წლის მოზარდი 12 ოქტომბერს გაიტაცეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, 17 წლის გოგო 20 წლის ბიჭმა ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა. TV პირველთან საუბრისას, სავარაუდო გამტაცებლის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია გატაცების შესახებ და ამ ფაქტს მხარს არ უჭერენ.

გატაცებულის ოჯახის წევრები კი აცხადებდნენ, რომ სურთ გოგო სახლში დააბრუნონ რათა მან სწავლა გააგრძელოს. მათი თქმით, სოფელში გავრცელებული ტრადიციების გამო გოგოს სრულფასოვანი განათლების მიღების უფლებას არ წაართმევენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები