5 წელში დახარჯული 49 მილიონი ოფიციალურ სადილებში, წვეულებებში და ა.შ — TI-ის კვლევა
2013-2017 წლებში “ქართულმა ოცნებამ” გასწია 49.2 მილიონ ლარზე მეტი წარმომადგენლობითი ხარჯი, რაც გულისხმობს მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე, წვეულებებსა და ღონისძიებებზე, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე და ა.შ დახარჯულ თანხას, — ამბობს ახალი ანგარიში.
ხუთი წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ გაწეული ეს ხარჯები დაითვალა ანტიკორუფციულმა არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ”.

მათი ცნობით, ყველაზე მეტი თანხა ამ ხუთი წლის განმავლობაში — 12 მლნ ლარზე მეტი — 2017 წელს დაიხარჯა; წინა წლებში ხარჯების რაოდენობა ასეთი იყო:



2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში ჯერ ისევ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყო, ასეთმა ხარჯებმა 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირველ წლებში ეს ხარჯი მცირდება ჯერ 8.3 მილიონამდე (2013), შემდეგ კი- 7.8 მილიონამდე (2014). თუმცა მონაცემები უჩვენებს, რომ დანახარჯების რაოდენობა 2014 წლიდან მზარდია და 2017 წელს უკვე 12 მილიონს აჭარბებს. 2017 წლის მონაცემი ოდნავ მეტია, ვიდრე 2012 წლისა;



TI-ის ცნობით, იმ უწყებებს შორის, რომლებმაც ინფორმაცია მიაწოდეს, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროა;

ორგანიზაციის ინფორმაციით, მაღალბიუჯეტიანი უწყებების ხუთეული შედგება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიისგან;

ამ ხუთი უწყების მიერ დახარჯული თანხა სრული წარმომადგენლობითი ხარჯების 50%-ზე მეტს შეადგენს.



წყარო: ნეთგაზეთი
Print