სამაგიდო სიები დალუქვის ნაცვლად სუს-ში წაიღეს – გიორგი ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის უფროსის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, სამაგიდო სიები, რომლებიც დალუქული და განადგურებული უნდა იყოს, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან ამოიღეს და სუს-ში წაიღეს.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს იმ ადამიანების ვინაობა დაადგინოს, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო და მეორე ტურის დღეს მათი ხმებით მანიპულაცია მოახდინოს.

“ჩვენ მიერ გამოვლენილა კიდევ ერთი დანაშაულებრივი ქმედება დამარცხებული “ქართული ოცნების” მხრიდან, რომელსაც ის არჩევნების გაყალბების მიზნით ახორციელებს. კერძოდ, ამ შემთხვევაში სამაგიდო სიები, რომელიც უნდა იყოს დალუქული, მოთავსებული და შემდგომ უნდა განადგურდეს, რადგან პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან ამოიღეს და, ჩვენი ინფორმაციით, გარკვეული მაქინაციების ჩასატარებლად სუს-ში წაიღეს”, – განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ მას აქვს დამადასტურებელი ვიდეო, აუდიო, ფოტომასალა, მაგალითად, კრწანისის საარჩევნო ოლქში სიები უკვე გახსნილია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა, კონკრეტულად კრწანისის ოლქზე ამბობენ, რომ შიდა მოკვლევა მიმდინარეობს.

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინვე დაიწყო ფაქტის შესწავლა. კერძოდ, შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო შესწავლა და გუშინვე გამოიკითხა 8 პირი, დღეს კი – 1. პირველადი გამოკითხვის მიხედვით, დაირღვა სამაგიდო სიების დალუქვა, თუმცა სიები ოლქიდან გატანილი არ ყოფილა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ცესკო-ს პრესპიკერმა ანა მიქელაძემ.

წყარო: ნეთგაზეთი
Print