როგორც ივანიშვილმა “იმედი Live”-ის ეთერში განაცხადა, ხალხი აშკარად განაწყენებულია და ეს ჩანს
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მისი პარტიის დაკვეთითვე ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მმართველ გუნდსა და ხელისუფლებას შორის ბზარი გაჩნდა .

როგორც ივანიშვილმა “იმედი Live”-ის ეთერში განაცხადა, ხალხი აშკარად განაწყენებულია და ეს ჩანს.

“ხალხი არის აშკარად განაწყენებული. ჩანს, რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის. გაჩნდა ბზარი ხელისუფლებასა და ხალხს შორის. გუნდს, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს ფლობს, თვითდაჯერებულობა ემატება. ზედმეტი თვითდაჯერებულობის გამოხატულება გახლდათ თუნდაც ის, რა შედეგებსაც ველოდებოდით. იმ დონეზე იყო გუნდი საკუთარ ძალებში დარწმუნებული, რომ პროფესიონალური კველევებიც კი არ ჩაუტარებიათ. რეალურად, პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას. ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი. ეგზიტპოლების შემდგომ მეც კი გამომიყვანეს, ეს იყო სირცხვილი. ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამის შემდეგ. მოლოდინი აბსოლუტურად აცდენილი ჰქონდათ რეალობასთან. 14% სხვაობა სირცხვილია და ამას კვლევა აღარ ჰქვია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ზოგი ჭირი მარგებელია და გუნდმაც “ცივი შხაპი მიიღო”.

“ყველაზე სასიამოვნო რაცაა, დავინახეთ, რომ საზოგადოება თურმე აფასებს, როგორ იქცევი და მათ შესატყვისი რეაქცია გააკეთეს”, – დასძინა ივანიშვილმა.

ეგზიტპოლით, რომელიც “ოცნების” დაკვეთით კომპანია “ფსიქოპროექტმა მოამზადა, არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იმარჯვებდა. აღნიშნული მონაცემი რადიკალურად განსხვავდებოდა “ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლისგან, რომელიც “რუსთავი 2”-ის დაკვეთით მომზადდა. რაც შეეხება არჩევნების წინასწარ შედეგებს, “რუსთავი 2”-ის დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლი ამ შედეგეთან ყველაზე ახლოს იყო და ჯდებოდა კვლევისას დაშვებული ცდომილების ზღვარში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები