ხობში ხანძრის დროს დაშავებულთაგან კიდევ ერთი გარდაიცვალა
ხობში, სოფელ ხეთაში, 19 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილია 65 წლის ქალი. გუშინ, 20 ნოემბერს, გარდაიცვალა ამავე ოჯახის წევრი 67 წლის კაცი.

როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ “რუსთავი 2-ს” განუცხადა, ორივე გარდაცვლილს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, რაც გულისხმობს როგორც სხეულის ზედაპირის, ისე – სასუნთქი გზების დამწვრობას. ქაშიბაძისვე ცნობით, დამწვრობის ცენტრში რჩება ამავე ოჯახის წევრი ორი ზრდასრული ადამიანი და ერთი ბავშვი, მათი მდგომარეობაც კრიტიკულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთლიანად დაიწვა საცხოვრებელი სახლი. ხანძარს, სავარაუდოდ, წინ საწვავის აფეთქება უძღოდა, თუმცა ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან გადადგურებას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები