მოსკოვის აეროპორტში სამგზავრო ბოინგი 25 წლის მგზავრს დაეჯახა
უბედური შემთხვევა მოხდა მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება, სომხეთის 25 წლის მოქალაქე, რომელიც ესპანეთიდან იყო გაძევებული და სამშობლოში მოსკოვის გავლით ბრუნდებოდა, სამგზავრო თვითმფრინავის შასის შეჯახების შედეგად დაიღუპა.

რუსული მედიასაშუალება “მედუზას” ცნობით, უბედური შემთხვევა 20 ნოემბერს, საღამოს მოხდა. სამართალდამცავებმა გარდაცვლილი კაცის ცხედრის ნაწილები მოსკოვი-ათენის რეისის აფრენის შემდეგ იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ასევე აღმოაჩინეს გარდაცვლილი პირის პირადი ნივთები, საბუთები და ჩასხდომის ბარათი.

როგორც მედიასაშუალება წერს, მოსკოვი-ათენის რეისის პილოტებმა ავიადისპეჩერებს აცნობეს, რომ, სავარაუდოდ, რაიმე ცხოველს დაეჯახნენ, თუმცა თვითმფრინავი არ დაზიანებულა და აგრძელებდნენ ფრენას. ამ შეტყობინებისთანავე ასაფრენი ბილიკისკენ აეროპორტის უსაფრთხოების სამსახური გაემართა, რა დროსაც იპოვეს გარდაცვლილი კაცი. შემთხვევის შედეგად, შერემეტევოს აეროპორტიდან რამდენიმე რეისის გაფრენა დაგვიანდა. თავად შეჯახებაში მონაწილე თვითმფრინავი, რომელიც, სავარაუდოდ, “აეროფლოტს” ეკუთვნის, ათენში მშვიდობით ჩაფრინდა, თუმცა ათენის აეროპორტში შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მისი კორპუსი დაზიანებულია.

როგორც “ინტერფაქსი” წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, ესპანეთიდან გამოძევებულმა კაცმა დებოში მოაწყო მადრიდი-მოსკოვის რეისზე, რა დროსაც დაარტყა ბორტგამცილებელს. მოგვიანებით, მას სამართალდამცავები ჩასხდომის გასასვლელთან მდგარ ავტობუსამდე აცილებდნენ, თუმცა სათვალთვალო კამერებში ჩანს, რომ 25 წლის კაცი თვითმფრინავამდე მისასვლელ ავტობუსში არ ადის და სწრაფი ნაბიჯით მიემართება ასაფრენი ბილიკისკენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები