დამკვირვებლები და ოპოზიცია შედეგების გაბათილებას და გადასინჯვას 10 უბანზე ითხოვს
სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური სუბიექტები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 10 უბანზე შედეგების გაბათილებას ან გადათვლას ითხოვენ.
დამკვირვებლები 7 შემთხვევაში შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს უბნის შედეგების გაბათილებას სთხოვენ, 4-ში კი- შედეგების გადათვლას.

ერთ-ერთი ასეთი საჩივარი “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” ეკუთვნის. ორგანიზაციამ მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიას მე-15 უბნის შედეგების ბათილად ცნობის და შედეგების ხელახლა გადათვლის შესახებ საჩივრით მიმართა.

როგორც ორგანიზაციის დამკვირვებელი წერს, უბნის დახურვის შემდეგ არ ჩატარებულა წილისყრა მთვლელების და დამკვირვებლების გამოსავლენად. ხმების დათვლის პროცესში კი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, დადგენილი წესის შესაბამისად, ბიულეტენში დაფიქსირებულ არჩევანს ხმამაღლა არ აცხადებდნენ და ხმებს ჩუმად ითვლიდნენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი უბნის შედეგების გაბათილებას 4 შემთხვევაში ითხოვს. კერძოდ, სიღნაღის მე-13 ოლქის მე-12 უბანზე, პარტიის წარმომადგენლის თქმით, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა უბნის დახურვის შემდეგ ყუთიდან იატაკზე დაყრილ ბიულეტენებს ქურთუკიდან გაურკვეველი წარმომავლობის ბიულეტენები დააყარა. ენმ-ის დამკვირვებელი აცხადებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ დააწერინა საჩივარი და არ მისცა გადაღების საშუალება.

გარდაბნის 21-ე საარჩევნო ოლქის მე-8 უბნის შემაჯამებელი ოქმი კი, ენმ-ის დამკვირვებლის თქმით, ოლქში გადაკეთდა, რის საფუძველზეც ამ უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვენ. მარნეულის 22-ე ოქლის 21-ე საარჩევნო უბანზე, ენმ-ის დამკვირვებლის განცხადებით, ბიულეტენები უბნიდან გარეთ გაიტანეს და ხმის მიცემა გარეთ ხდებოდა. დამკვირვებლის განცხადებით, კომისიის თავნმჯდომარემ მას საჩივრის დაწერის საშუალება არ მისცა.

ამასთან, ენმ ითხოვს მარნეულის 87-ე უბნის შედეგების გაბათილებასაც. პარტიის დამკვირვებლის თქმით, ამ უბანზე ერთმა და იმავე ადამიანებმა ხმა რამდენჯერმე მისცეს.

საბურთალოს 76-ე უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს “საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება”, რადგან მათი დამკვირვებლის თქმით, კომისიამ გააბათილა ისეთი ბიულეტენები, სადაც გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა შემოხაზული იყო, სალომე ზურაბიშვილი კი გადახაზული. დამკვირვებლის თქმით, ამ ბიულეტენზე ნათლად იყო დაფიქსირებული ამომრჩევლის ნება, რაც საუბნო საარჩევნო კომისიამ არ გაითვალისწინა.

“სამართლიანი არჩევნები” კი ზუგდიდის 67-ე ოლქის მე-20 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს, რადგან ორგანიზაციის დამკვირვებლის თქმით, რეგისტრატორს სამაგიდო სიები დაეკარგა.

სამ შემთხვევაში დამკვირვებლები უბნის შედეგების გადასინჯვას ითხოვენ. კერძოდ, “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის განცხადებით, ხულოს 84-ე ოლქის 38-ე უბანზე არ დგება ბალანსი და შემაჯამებელი ოქმი ბეჭდით არაა დამოწმებული. ორგანიზაციის დამკვირვებელი შედეგების გადასინჯვას და საუბნო საარჩევნო კომისიის თავნმჯდომარის და მდივნის დისციპლინურ პასუხისმგებლობას ითხოვს.

ხელვაჩაურის 83-ე ოლქის 26-ე უბნის შემაჯამებელ ოქმში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არ იყო მითითბული, რის საფუძველზეც “მრავალეროვანი საქართველო” შედეგების გადასინჯვას ითხოვს.

ქობულეთის 81-ე ოლქის საოლქო კომისიას კი “სამართლიანმა არჩევნებმა” მე-11 უბნის შედეგების გადასინჯვის შესახებ საჩივრით მიმართა, რადგან ორგანიზაციის დამკვირვებლის თქმით, შემაჯამებელ ოქმში ბათილი ბიულეტენების და კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 16-ით ნაკლებია ხელმოწერების რაოდენობაზე.

ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” ესაუბრა ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. როგორც გელა ხახნელიძე ამბობს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ამომრჩევლები გამოცხადდნენ უბანზე, თუმცა ბიულეტენი საარჩევნო ყუთში არ ჩაუგდიათ. კომისიის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული საკითხი პრობლემური იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ბიულეტენების რაოდენობა ხელმოწერებზე მეტი აღმოჩნდებოდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საჩივრების რეესტრში აღნიშნულ საჩივრებზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის ატვირთული.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები