გრიგოლ ვაშაძე - ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის ცვლილებას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას
ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს სამ მოთხოვნას - ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის ძირეულ ცვლილებას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.

„ყველა მომდევნო არჩევნები დღევანდელი ე.წ. ხელისუფლების პირობებში დაემსგავსება იმ უმსგავსობას, რაც მოხდა მეორე ტურში",- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ემზადება რათა ხელისუფლება მუდმივ ზეწოლაში ამყოფოს მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

„ეს მხოლოდ ოპოზიციის ანუ პოლიტიკური ორგანიზაციების მოთხოვნა კი არ არის, ეს არის მოქალაქეების მოთხოვნა. მოქალაქეებს ყელში ამოუვიდათ სიღარიბეში ცხოვრება, აღარ უნდათ ამ ადამიანებს ასე ცხოვრება",- განაცხადა ვაშაძემ.

დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას", ასევე "ახალი მემარჯვენეების", "დემოკრატიული მოძრაობის", „ევროპული საქართველოს“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არ ყოფილან „თავისუფალი დემოკრატები", "შენების მოძრაობა" და სხვა ოპოზიციური პარტიები.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print