ბრაზილიიდან და ირანიდან 3 კგ-ზე მეტი „კოკაინის" და ნახევარ კილოგრამამდე „ჰეროინის" შემოტანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიციის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 კილო და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოგრამამდე „ჰეროინი“.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, პორტუგალიის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.ფ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული საქართველოში ბრაზილიიდან ჩამოფრინდა. სამართალდამცველებმა, მისი ბარგის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 3 კილო და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული ს.გ. და 1989 წელს დაბადებული პ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ორივე დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკი ირანიდან უკანონოდ შემოიტანეს“, -განაცხადა მამუკა ჭელიძემ. მისივე ინფორმაციით, ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print