შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ 34 წლის
პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მოქალაქე
კ.მ. გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საკუთარი სამგზავრო ბარათის
გამოყენებით, ტურნიკეტის გავლით, მოქალაქეებს უკანონოდ ატარებდა.
აღნიშნული დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა მეტროპოლიტენის საპატრულო
პოლიციის თანამშრომლისთვის, რომელმაც მ.კ-ს მფარველობის სანაცვლოდ
ქრთამის სახით ყოველ მორიგეობაზე გარკვეული თანხის გადახდა
მოსთხოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა
ნ.შ. მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,
თბილისში, მეტროსადგურ ვარკეთილში მორიგი ქრთამის აღების ფაქტზე
დააკავეს“, – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის
კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.