განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თ.ვ. დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 5 მაისს, ღამის საათებში, მარნეულის რაიონის სოფელ სეიდგოჯალოში თ.ვ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ნ.ვ., გვამი ხრამში გადააგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა თ.ვ. 2018 წლის 5 აგვისტოს, მარნეულის რაიონის სოფელ სეიდგოჯალოში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა (განზრახ მკვლელობა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ თ.ვ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები